დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა Jordi Iranzo-მ შექმნა ნივთების შესანახი ახალი სისტემა პატარა ბინებისთვის. იგი ჭერზეა ჩამოკიდებული და იატაკზე ან კედელზე საერთოდ არ იკავებს ადგილს.
Iranzo-მ, რომელიც სწავლობდა გერმანიაში Burg Giebichenstein University of Art and Design-ში, შექმნა Dalt სისტემა, რომელიც ქალაქურ პატარა სახლებში მცირე სივრცის ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

გასულ წელს ავეჯის გიგანტმა Ikea-მ გამოუშვა 51 ერთეულიანი კოლექცია ანალოგიური იდეით, რაც დაფუძნებული იყო კვლევაზე, რომ ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთი დღეს ცხოვრობს 30 მ2-ზე ნაკლებ ფართში და აუცილებელია ამ სივრცის მაქსიმალური ათვისება.

„ეს პროექტი შექმნილია ხალხისთვის, ვისაც მეტი სივრცე სჭირდება,“ უთხრა Iranzo-მ Dezeen-ს. „დღესდღეობით სივრცე ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამაა.“
Dalt მოიცავს ჭერზე დასაკიდებელ 4 ნივთს. მასში შედის თეთრი ფოლადის  საკიდი ტანსაცმლისთვის და სარეცხის კალათა, რომელიც გაკეთებულია ფოლადისა და ტყავის ბადისგან.
აქვეა წრიული ფოლადის კალათა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც საკვების შესანახი ან უბრალო მართკუთხა კალათა, რომელშიც შევინახავთ ნებისმიერ ნივთს საოფისე ნივთებით დაწყებული, სპორტული აღჭურვილობით დამთავრებული.

სტაბილურობისთვის თითოეული კალათა მოძრაობს ბორბლებზე და თავისუფლად შეიძლება მისი აწევა-ჩამოწევა.

პროექტი შთაგონებული იყო ფოტოგრაფის – Benny Lam-ის „ჩიტის თვალისებური“ ფოტოებით, რომლებზეც ასახულია ჰონგ-კონგის პაწაწინა ბინებში მცხოვრები ხალხი.

„მას შემდეგ, რაც ვნახე ეს შესანიშნავი სურათები, ცოტა შოკირებული ვიყავი. როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა ან ოჯახმა იცხოვროს ასეთ პატარა ბინებში?“ თქვა Iranzo-მ, რომელმაც პატარა სივრცის სრულ ათვისებაზე დაიწყო ფიქრი.

მან გააანალიზა, რომ სანამ ბევრი დიზაინერი დიდ ყურადღებას უთმობს კედლებს თუ იატაკებს და სასაწყობე სივრცეს იატაკს ქვემოთ ან კედლებს შიგნით ათავსებს, მხოლოდ რამდენიმემ  გამოიყენა ჭერი, რომელსაც შესაძლოა ისეთივე დატვირთვა მიენიჭოს, როგორიც იატაკს აქვს.
Iranzo-ს სურს, რომ გააგრძელოს თავის ოთხ ნივთზე მუშაობა, რათა კიდევ უფრო მეტი მარტივი იდეა შესთავაზოს ხალხს მრავალ განსხვავებულ სიტუაციაში გამოსაყენებლად.
ნივთების შესანახი ინოვაციური სივრცეების შექმნა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდა დიზაინერებსა და კომერციულ კომპანიებს შორის. გასულ წელს ბრიტანულმა Heal’s-მა გამოუშვა ავეჯის ხაზი, რომელიც ბაზრის ამ ახალ მოთხოვნას პასუხობდა.
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/28/dalt-storage-system-jordi-iranzo-pulley-ceiling/

კომენტარი