ინტერიერის დაგეგმარების ტენდენცია – სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახების გაერთიანება – აუცილებლად უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ დიზაინერული თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკულობიდან გამომდინარეც.

დაგეგმარების ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დაზოგოთ ფართი და გონივრულად გამოიყენოთ სივრცე ნებისმიერი ტიპის ბინაში, იქნება ეს ძველებური სტილის თუ ახალაშენებული კორპუსის ბინები.

მაგრამ ასეთ დაგეგმარებას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები და აუცილებელია მათი გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მოდით განვიხილოთ ასეთი სივრცითი დაგეგმარების უპირატესობები:

  • არაფუნქციური ზონების არარსებობა, მაგ. ვიწრო კორიდორები ამ ოთახებს შორის.
  • ერთიანი ფართო სივრცე, რაც გაძლევთ საკუთარი დიზაინერული იდეების განხორციელების თავისუფლებას.
  • ბუნებრივი შუქით კარგად განათებული სივრცე (როგორც წესი ასეთ დაგეგმარებაში მინიმუმ 2 ფანჯარა ხვდება).
  • მეტი ადგილი სადღესასწაულო მიღებებისთვის.
  • ნაკლები მანძილი სამზარეულოდან სასადილომდე და სამზარეულოდან მისაღებ ოთახამდე.
  • საოჯახო სადილებისა და ვახშმისათვის უფრო დიდი და კეთილმოწყობილი სივრცე.
  • ეკონომია განმეორებად ტექნიკაზე, შეგიძლიათ განათავსოთ დიდი ტელევიზორი, რომელიც სამზარეულოსა და მისაღებისთვის ერთნაირად მისაწვდომი იქნება.

მეორეს მხრივ ასეთ სივრცით დაგეგმარებას აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც და მოდი მათაც გადავავლოთ თვალი:

  • უპირველეს ყოვლისა ესა არის სამზარეულოდან კერძების მომზადების სუნი – რაც არ უნდა ძლიერი გამწოვი იდგეს ქურასთან, სუნი მაინც დგება მთელს სივრცეში.
  • სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ხმები: მოშვებული ონკანი, მიქსერი, სხვადასხვა სამზარეულოს აპარატების ხმა, რომლებიც აუცილებლად იქნება გამაღიზიანებელი ტელევიზორის ყურების ან სტუმრებთან საუბრის დროს.
  • სისუფთავის შენარჩუნება უფრო რთული და შრომატევადი ხდება გახსნილი სამზარეულო ზონიდან გამომდინარე.
  • გადაკეთება – გაცილებით დიდ ხარჯებთან და უსიამოვნო პროცესებთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე თავიდანვე კარგად აწონ – დაწონვა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ხოლო თუკი გადაწყვეტილება მიღებულია, და ხდება ამ ოთახების გაერთიანება, გახსოვდეთ რომ სასურველია მათი ერთმანეთისგან ზონირება თუნდაც მინიმალურად. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს კუნძული, რომელიმე კედლის ნაწილი, მობილური კედლები, შტორები, სვეტები, იატაკის მოსაპირკეთებელი მასალა, განათება, ფერები – მთავარი ერთია – გახსოვდეთ რომ ეს ყველა ოთახი უკვე ერთი დიდი სივრცეა და მიუღებელია ვიზუალური დისონანსი.

inndesign.ge

კომენტარი