ორიგინალური გეომეტრიული ფილებითა და თანამედროვე ორნამენტებითაა მორთული ბუტიკი-სასტუმროს მისაღები, რომელიც მაიალიზიაში, პენანგში მდებარეობს  და ტრადიციული მაღაზია-სახლებითაა გარშემორტყმული.
სინგაპურულ არქიტექტურულ ფირმა Ministry of Design-ს დაევალა სასტუმროს შექმნა Penang-ის George Town-ში.  ეს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და გვხვდება შერეული კოლონიური სტილის არქიტექტურა.

1919 წელს აშენებული შენობა თავდაპირველად შეიცავდა ხუთ მაღაზია-სახლს, მაგრამ ახლა იგი გარდაიქმნა თანამედროვე სასტუმროდ.

მაღაზია-სახლები სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ტიპოლოგიაა და მხოლოდ ამ რეგიონისთვისაა დამახასიათებელი, სადაც მფლობელები ტრადიციულად თავიანთი მაღაზიების ზემოთ ცხოვრობენ. ასეთი შენობები, როგორც წესი, შედგება მაღაზიის წინა შესასვლელისგან, რომელიც პირდაპირ ქუჩაში გადის და ბინებისგან, რომლებიც მაღაზიის ზემოთ ერთ ან ორ სართულზეა განლაგებული.

Loke Thye Residences ინარჩუნებს ამ ტრადიციულ ფორმატს ქუჩისპირა ფასადით. ცენტრალური კარის ზემოთ დაკიდებული ნიშნები მიწისპირა სართულზე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ეს ობიექტი ისევ აქტიურ ვაჭრობაშია ჩართული.

Ministry of Design-ის დირექტორის – Colin Seah-ის მიხედვით, ტრადიციული მაღაზია-სახლების განლაგება სატუმროში მოსახერხებელია, რადგანაც სასტუმროს საცხოვრებელი ნომრები დაყოფილია შესაბამის ზომებად და სწორედ ამ ოთახებში შესაძლებელია მაღაზიის გაკეთებაც.

„მაღაზია-სახლის ზედა სართულები ტრადიციულად გამოიყენებოდა საცხოვრებელ სივრცეებად, ასე რომ, თითოეული მაღაზიის ზომა შეესაბამება სასტუმროს ან ნებისმიერი ბინის საცხოვრებელი ოთახის ზომას,“ განაცხადა Seah-მა.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა ძირითადად კარგ მდგომარეობაში იყო შენარჩუნებული, მაღაზია-სახლის აღდგენისას საჭირო გახდა სახურავისა და იატაკების მთლიანად გამოცვლა.
ფანჯრებისა და კარების ძველი განლაგება და ორნამენტები ქუჩის მხრიდან შენარჩუნებულია, რათა შენობას თავდაპირველი სახე არ დაჰკარგვოდა და კვლავ კულტურულ მემკვიდრეობად დარჩენილიყო.
მაღაზია-სახლების უკან არსებული ხეივნის გზა გადის თაღების ქვეშ და მას მივყავართ პირად ბაღებამდე, რომლებიც სტუმრების ოთახს გარეთ  მდებარეობს პირველ სართულზე.
მისაღებ სივრცეში თავდაპირველი გეომეტრიული ფილებით დაგებული იატაკია, ჭერი და ერთ-ერთი კედელი კი მესრისებური ორნამენტებითაა დაფარული. სადაც თავდაპირველი ფილების შენარჩუნება შესაძლებელი იყო, შეინარჩუნეს, ხოლო იქ, სადაც ეს ვერ მოხერხდა, ძველი ფილები მათი ასლებით ჩანაცვლდა.

„ორნამენტები შთაგონებული იყო ძველი ნიმუშებით, რომლებიც დამახასიათებელია ძველი მაღაზია-სახლებისთვის,“ თქვა Seah-მა. „ჩვენ გვქონდა იდეა, რომ ფილების ორნამენტები სამგანზომილებიანი გაგვეხადა, მაგრამ უფრო აბსტრაქტული და ნაზი.“

ოთახების შიგნით არსებული აგურის კედელი დარჩა, არ შეცვლილა, რათა უკეთ წარმოჩნდეს კონტრასტი თანამედროვე ავეჯთან: მინის გარდერობთან, ქრომირებულ სარკეებთან და კონსოლირებულ მერხებთან.

„ამ შენობის ინტერიერის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი სწორედ აგურის კედელი იყო,“ თქვა Seah-მა. „მათ შესანიშნავი სტრუქტურა აქვთ, რაც ინარჩუნებს ძველ იერსახეს.“

მაღაზია-სახლების განახლებისა და გარდაქმნისას მთავარი მოტივი იყო ის, რომ შენარჩუნებულიყო ძველი, ისტორიული იერსახეც და ეს ადგილი შესაფერისიც ყოფილიყო თანამედროვე ცხოვრებისთვის.

Seah-ის თქმით, იგი შთაგონებული იყო Penang-ის ადრეული 20-იანი წლების დეკორით, უფრო ზუსტად კი 100 წლოვანი Loke Thye Kee რესტორნით, რომელიც იმავე მფლობელს ეკუთვნის, რომელსაც სასტუმრო-ბუტიკი.

„ჩვენ გვჯერა, რომ მემკვიდრეობა არაა მხოლოდ წარსულის კუთვნილება, არამედ დროში განგრძობითობაა. ამ ფილოსოფიით აღჭურვილები, ჩვენ ვცდილობდით, რომ შეგვექმნა განგრძობითობის შეგრძნება, უწყვეტი დიალოგი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.“

„ჩვენ ამ შენობაში ვგრძნობთ ძველსაც, მაგრამ არა ძალიან დაშორებულსა და ისტორიულს, არამედ ცოცხალსა და აწმყოსთან დაკავშირებულს.“

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/28/ministry-of-design-early-twentieth-century-shophouses-conversion-boutique-hotel-loke-thye-kee-residences-penang-malaysia/

კომენტარი