Walkie Talkie-ს შემდეგ ნიუ იორკელი არქიტექტორი Daniel Libeskind ტელეფონების ტრიოს აშენებს. მან გაამხილა სამი ცათამბჯენის დიზაინი, რომელთაც იგი AS Roma-ს საფეხბურთო მოედნის ახლოს ააშენებს. სამიდან ყველაზე მაღალის სიმაღლე 220 მეტრი იქნება.

3 საოფისე ცათამბჯენს, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული პროფილი აქვს, ისეთი დიზაინი აქვთ, თითქოს „ერთმანეთს ესაუბრებიან.“ ისინი აშენდება რომის Tor di Valle-ს ბიზნეს უბანში, ქალაქის სამხრეთით.

შენობები განასახიერებს ბრიტანეთში 1960-იან წლებში გამოგონილი ფიქსირებული ტელეფონის ყურმილს. ეს მინაგადაკრული შენობები განსხვავებული იქნება სიმაღლით და თითოეული დაიდგმება  სამსართულიან პოსტამენტზე, მათ სახურავზე კი მცენარეები დაირგვება.

თითოეულ ცათამბჯენს კუთხოვანი ფორმა აქვს. არქიტექტორის მიხედვით, მისი მთავარი განზრახვაა, რომ შენობებს ისეთი შესახედაობა ჰქონდეს, თითქოს სამივე ერთი ქვისგანაა გამოთლილი.

„შენობათა ნაწილები ისე ერგებიან ერთმანეთს, როგორც ანტიკური შენობის ბლოკები და ქმნიან ელემენტთა ისეთ ერთიანობას, რომელიც ერთდროულად დაკავშირებულიცაა და ცალკეულიც,“ თქვეს Libeskind-ის სტუდიაში.

სამივე შენობას ექნება ერთი ან ორი ატრიუმის მსგავსი ბაღი უზარმაზარი ფანჯრებით, რომელიც გაკეთდება დატიხრული ან მრავალწახნაგოვანი მინისგან და შემოგვთავაზებს ქალაქის ხედებს.

„ცათამბჯენები გახვეული იქნება გაუმჭვირვალე პანელთა ქსელში, რომელიც შექმნის შემინულ ფასადს და ესთეტიურად გააერთიანებს ტრიოს,“ თქვეს არქიტექტურულ ფირმაში. პირველი ცათამბჯენი კომპოზიციის ცენტრში განთავსდება ორი ვერტიკალური ბაღით მოპირდაპირე მხარეებზე-ერთი დაბალ ნაწილზე და მეორე მაღალ სართულებზე.“

3000 მ2-იანი საჯარო მოედანი შემოერტყმევა გარს შენობებს და მათ სტადიონთან დააკავშირებს ფართო შოპინგ ქუჩით.

287 000 მ2-იანი ბიზნეს პარკი, რომელიც დაიგეგმა Libeskind-ისა და ამერიკელი არქიტექტორის Dan Meis-ის მიერ, ნაწილია 100 ჰექტრიანი მიწის ნაკვეთის ხელახლა განვითარებისა, რომელიც წარსულში ქალაქის იპოდრომი იყო. პროექტი მოიცავს Meis-ის 52 500 ადგილიან AS Roma-ს საფეხბურთო სტადიონს, რომელიც ჩანაფიქრში „თანამედროვე კოლიზეუმია.“

„მარადიულ ქალაქში არქიტექტურული წვლილის შეტანა ძვირფასი შანსია,“ თქვა Daniel Libeskind-მა. „რომს ექნება მსოფლიო დონის ბიზნეს პარკი ქალაქის სტადიონთან, რაც უზრუნველყოფს ცოცხალ, სტაბილურ სამეზობლოს ანტიკური ქალაქის ამ ნაწილში.“
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/16/daniel-libeskind-top-heavy-skyscrapers-rome-italy/

კომენტარი