იაპონურ დიზაინ სტუდია Nendo-ს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს.

ამ უნიჭიერეს ადამიანებს ეკუთვნის ტოკიოს კოსმეტიკის მაღაზიის ინტერიერის დიზაინი, სადაც კოსმეტიკური საშუალებები თაროებზე ისეა განლაგებული, როგორც წიგნები ბიბლიოთეკაში.

სტუდიამ, რომელსაც მართავს დიზაინერი Oki Sato, შექმნა მინიმალისტური ინტერიერი ორგანული კოსმეტიკის კომპანიისთვის „Nature’s Way.“
ეს მაღაზია მდებარეობს ტოკიოს მდიდრულ სავაჭრო უბანში, სადაც მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული ლუქს კატეგორიის მაღაზიებია განთავსებული.
შედარებით მცირე ზომის სილამაზის ბიბლიოთეკა-ბუტიკი იკავებს სადა შენობის პირველ სართულს და აქვს სრულიად შემინული ფასადი.
მრავალფერად შეფუთული პროდუქტები განთავსებულია ხის კარადებში, რომლებიც სრულიად იკავებენ იატაკიდან ჭერამდე სივრცეს და ზუსტად ერთმანეთის უკანაა განლაგებული მწკრივში ისე, როგორც ბიბილიოთეკაში წიგნის კარადები.
Nendo-ს ტაბურეტები განთავსებულია თაროებში და მყიდველს შეუძლია მათი გამოღება, დაჯდომა მუქი ხის მაგიდებთან და პროდუქციის დატესტვა.

QR კოდები, რომლებიც დევს თითოეული ნივთის გვერდით, მყიდველებს აძლევს მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას პროდუქტზე. სმარტფონის ან ტაბლეტის გამოყენებით მათ შეუძლიათ კოდის მეშვეობით პროდუქტის ამოცნობა და მაღაზიის დატოვების შემდეგ მისი ინტერნეტით შეძენა.

„ამ გზით მაღაზია არა მხოლოდ ყიდის კოსმეტიკას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც პროდუქციის შესახებ სასარგებლო ინფორმაციაც შეიძლება მიიღოთ,“ ამბობს Nendo. „ამასთან, იგი შეიძლება აღიწეროს, როგორც ბიბლიოთეკის მსგავსი სივრცე კარგად ორგანიზებული ხის თაროებით.“
სილამაზის ბიბლიოთეკის არქივის მსგავსი დიზაინი შოკოლადის მაღაზიის ანალოგიურია, რომელიც Nendo-მ შექმნა ქალაქში.
კოსმეტიკის ეს მაღაზია ასევე მოიცავს კაფეს, სადაც საკვები და სასმელი მომზადებულია მაღაზიაშივე მის ერთ-ერთ მხარეს.

„ქალის სილამაზის გასაძლიერებლად საჭიროა მჭიდრო კავშირი თავის როგორც გარეგნულ, ისე შინაგან მოვლას შორის,“ განაცხადეს სტუდიაში. „ამიტომაც ჩვენ ისეთი სერვისი შევქმენით, რომელიც აერთიანებს კოსმეტოლოგიურ მოვლას საკვებთან და სასმელთან.“

კაფეს ბარი დაფარულია თეთრი ფილებით, ზედაპირი კი ხისაა. ინგრედიენტები გამჭვირვალე მინის კონტეინერშია მოთავსებული, კედლის თაროები კი, რომლებიც დახლის შესაბამისია, გამოიყენება სანელებლების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ნივთების შესანახად.

დამატებითი ოთახი, რომელიც პატარა ეზოშია ძირითადი სივრცის უკან, სასადილო სივრცეა.

სივრცე, რომელშიც პატარა მაგიდები და ბევრი ტაბურეტია, ასევე გამოიყენება ღონისძიებებისა და სემინარების ჩასატარებლად.
Nendo-მ შექმნა მაღაზიის ვიზუალური იდენტობა ლოგოთი, რომელზეც გამოსახულია წერილებით სავსე კვადრატული წიგნების თაროს სურათი.
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/25/nendo-beauty-library-natures-way-organic-cosmetic-store-shop-shelves-books-tokyo-japan/

კომენტარი